ლეგიონერები | კაკაბაძემ პოლონეთში საგოლე გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
პოლონეთის ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ ამან „კრაკოვია“ „კატოვიცესთან“ გასვლით მატჩში მარცხისგან ვერ იხსნა – 1:2. საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდში მეორე საუკეთესო შეფასება, 7.4 ქულა დაისმახურა.
უკრაინის პრემიერლიგის კოვალივკას „კოლოსში“ ნიკა გაგნიძემ გასვლაზე „კრივბასთან“ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, მისმა გუნდმა კი მინიმალური სხვაობით მოიგო – 1:0.
უნგრეთის ჩემპიონატში „ზალაეგერშეგმა“ დავით კობოურისა და გიორგი ბერიძის „უიპეშტს“ უმასპინძლა და 0:0 ითამაშა. კობოური განაცხადში არ იყო, ბერიძემ კი თამაშის სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.
ნიკა კვეკვესკირის „ნირედიჰაზამ“ „დიოშდიორს“ 1:0 მოუგო. „ჯვაროსნების“ გამოცდილი ნახევარმცველი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა.