ლეგიონერები | იტალიაში ქართველებს არ უთამაშიათ - ბერიაშვილი უნგრეთში შეუცვლელია #1TVSPORT
ლეგიონერები | იტალიაში ქართველებს არ უთამაშიათ - ბერიაშვილი უნგრეთში შეუცვლელია #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ საბა საზონოვის „ტორინოს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0. ქართველი ფეხბურთელები სამატჩო განაცხადში მოხვდნენ, მაგრამ ორივე სათადარიგოთა შორის დარჩა.

თურქეთის სუპერლიგაში „ბაშაქშეჰირმა“ 10 კაცით მოუგო გიორგი აბურჯანიას „ჰათაისფორს“ – 1:0. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სათადარიგო იყო და არ უთამაშია. სტუმრებს არბიტრის მიერ დამატებულ მეცხრე წუთზე ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ, მაგრამ „ჰათაისფორის“ აზერბაიჯანელმა თავდამსხმელმა, რენატ დადაშოვმა პენალტი ვერ გამოიყენა.

სომხეთის პრემიერლიგის საწყის ტურებში ლევან კუტალია ჩემპიონატის ბომბარდირი იყო, მაგრამ რატომღაც „ალაშკერტის“ ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდეს. ახლა კი „ვესტ არმენიასთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში შეცვლაზეც არც ათამაშეს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში ლუკა რობაქიძის „ბრეგალნიცა“ გათამაშების ლიდერთან, „სტრუგასთან“ 2:1 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.

ილია ბერიაშვილი ერთ-ერთი იმ ლეგიონერთაგანია, რომელიც უნგრეთის ჩემპიონატში თავის კლუბში, „მეზოკოვეშდში“ სტაბილურად ასპარეზობს. ქართველმა მცველმა „ფეჰერვარის“ წინააღმდეგ (0:2) ამჯერადაც 90 წუთი ითამაშა.