ლეგიონერები | ირაკლი აზაროვი უკრაინის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია #1TVSPORT
უკრაინის პრემიერლიგაში ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ გასვლით მატჩში „ინჰულეცი“ 4:1 დაამარცხა და სეზონს მესამე ადგილზე დაასრულებს – აზაროვმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
ოდესის „ჩერნომორეცმა“ ჩემპიონ კიევის „დინამოსთან“ საკუთარ მოედანზე ქულა მოიპოვა – 1:1. ოდესელების ქართველი ლეგიონერებიდან ლუკა ლაცაბიძეს არ უთამაშია, გიორგი რობაქიძე კი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა და სამ წუთში საგოლე გადაცემა მიითვალა.
შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასი“ შინ „ვორსკლას“ დაუზავდა – 0:0. ქართველი ნახევარმცველი, მესამე მატჩია, სათადარიგოთა შორის რჩება. „ოლექსანდრიამ“ გიორგი კუციას „ვერესი“ 3:1 დაამარცხა – კუციამ 90 წუთი ითამაშა.
კვიპროსის ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა ლაშა დვალის აპოელ-მა, რომელიც ბოლო ტურში „ომონიასთან“ 1:2 დამარცხდა. გიორგი ქვილითაიას „არისმა“ სტუმრად „აპოლონს“ 3:2 სძლია, ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
დანიის სუპერლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ გასვლაზე „რანდერსი“ 4:0 დაამარცხა და ჩემპიონობას მიუხლოვდა – ქართველ მცველს არ უთამაშია.
საბერძნეთის სუპერლიგის გასავარდნთა ჯგუფში ლუკა გუგეშაშვილის „პანსერაიკოსმა“ შინ „ლევადიაკოსთან“ 0:1 წააგო, მაგრამ ლიგაში ადგილი გაინაღდა. ქართველი მეკარე ახალი სეზონიდან სალონიკის პაოკ-ში ითამაშებს.