ლეგიონერები | გიორგი ტაბატაძემ „ვეილეში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა #1TVSPORT
დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზემ“ იტალიის სერია A-ში „სასუოლოს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. გუნდმა სეზონი „მილანთან“ სტუმრად მოგებით (2:1) გახსნა და ამჯერადაც 2:0 იგებდა, მაგრამ სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა კრემონელებმა მაინც მოიგეს – გადამწყვეტი გოლი 90+3-ე წუთზე პენალტით დე ლუკამ გაიტანა.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მისმა გუნდმა ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულა დააგროვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილის სათავეშია.
გიორგი ტაბატაძემ სადებიუტო თამაში ჩაატარა „ვეილეში“, რომელიც დანიის სუპერლიგაში „ვიბორგთან“ საშინაო შეხვედრაში 1:2 დამარცხდა – 20 წლის ქართველი ლეგიონერი მატჩის ბოლოს შეცვლაზე შევიდა და სამი წუთი ითამაშა.
გურამ გიორბელიძის „ერზრუმსფორმა“ თურქეთის პირველ ლიგაში გასვლით მატჩში „სარიერს“ 2:0 სძლია – ქართველმა მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ კი ბოსნიის ჩემპიონატში „პრიედორი“ 1:0 დაამარცხა. გულიაშვილმა სრული მატჩი ჩაატარა.