ლეგიონერები | ბურჯანაძის საგოლე გადაცემა „ნარვაში“, კაპანაძის „დუნაისკა“ კონკურენტის დამარცხებით ევროტურნირებზე გასვლის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
ესტონეთის პრემიუმლიგაში შალვა ბურჯანაძის „ნარვამ“ „პიარნუს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, საგოლე გადაცემა შეასრულა და ყვითელი ბარათი მიიღო.
სლოვაკეთის ნიკელიგის აუსტაიდერთა ჯგუფში თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცემ“ „კომარნო“ საკუთარ არენაზე მიიღო და იმის მიუხედავად, რომ პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, საბოლოოდ 4:5 წააგო. ძოწენიძე განაცხადში არ იყო.
საჩემპიონო ჯგუფში კი ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედამ“, რომელიც ევროსაგზურისთვის იბრძვის, კონკურენტ „ტრნავასთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით (1:0) მიზნის მიღწევის შანსი შეინარჩუნა. კაპანაძემ 67 წუთი ითამაშა და მაღალი შეფასება, 7.2 ქულა მიიღო.
ხორვატიის ჩემპიონატიც ფინიშს მიუახლოვდა – გიორგი გაგუამ „ისტრაში“ 73 წუთი ითამაშა, რომელმაც საკუთარ სტადიონზე ლიდერთა ოთხეულის წარმომადგენელ „ვარაჟდინთან“ მატჩი ფრედ 0:0 დაასრულა.
დანიის სუპერლიგაში კი გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე კონკურენტი „მიდტიულანდი“ ვერ დაამარცხა (1:1) და კვლავ ქულით ასწრებს. „ჯვაროსნების“ მოთამაშე სათადარიგო იყო.