ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს - იზრუნეთ სამოქალაქო პირებსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც „აზოვსტალში“ ტანჯვით იღუპებიან
ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს - იზრუნეთ სამოქალაქო პირებსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც „აზოვსტალში“ ტანჯვით იღუპებიან

ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, იზრუნოს „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ სამოქალაქო პირებსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე.

პალამარის განცხადებით, რუსებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს დანაპირები და არ დაუშვეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, რომლებიც „აზოვსტალის“ სარდაფში იმალებიან. პალამარის თქმით, მესამე დღეა, მტერი შეიჭრა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც მძიმე, სისხლიანი ბრძოლები გრძელდება.

„მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისკენ და პირადად მივმართავთ უმაღლეს მთავარსარდალს, იზრუნოს დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც საშინელი ტანჯვით იღუპებიან არასათანადო მკურნალობით. მიეცით ჯარისკაცების ცხედრების გატანის საშუალება, რათა უკრაინელები დაემშვიდობონ თავიანთ გმირებს. სათანადოდ უპასუხეთ კრიტიკულ სიტუაციას, როდესაც მტერი არ იცავს არანაირ ეთიკურ ნორმებს, კონვენციებსა თუ კანონებს, ანადგურებს ადამიანებს მთელი მსოფლიოს თვალწინ, ხელმძღვანელობს ყველაფრის დასაშვებობით და დაუსჯელობით!“, – აცხადებს სვიატოსლავ პალამარი მიმართვაში.