ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე - „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ახლა 600 დაჭრილი მებრძოლია, რომელთაც ევაკუაცია ესაჭიროებათ, ქარხნის შტურმი კი გრძელდება
ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე - „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ახლა 600 დაჭრილი მებრძოლია, რომელთაც ევაკუაცია ესაჭიროებათ, ქარხნის შტურმი კი გრძელდება

„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ახლა 600 დაჭრილი მებრძოლი იმყოფება, რომელთაც ევაკუაცია ესაჭიროებათ, ფოლადის ქარხნის შტურმი კი გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა. მან ვრცლად ისაუბრა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე.

მისი თქმით, ქარხანაში 78 დღის განმავლობაში გამაგრებულმა აზოვის მებრძოლებმა დაცვის შენარჩუნება შეძლეს, რაც სასწაულის ტოლფასია, ამიტომ ახლა მებრძოლები ითხოვენ, რომ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც მოახერხოს რუსი სამხედროების მიერ ალყაში მოქცეული ქარხნიდან სამხედროების ცოცხლად გამოყვანა. პალამარმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ქარხნის შტურმზე და თქვა, რომ ისინი არღვევენ ომის ყველა წესს, ცოტა ხნის წინ დაბომბეს ჰოსპიტალი, სადაც დაჭრილები მკურნალობდნენ, ამის გამო ინვენტარი და ექიმების ინსტრუმენტები განადგურდა, რამაც დაშავებული მებრძოლების მდგომაროება უკიდურესად დაამძიმა“, – განაცხადა პალამარმა.

მისივე თქმით, „აზოვსტალის“ ტერიტორიის 98 პროცენტი განადგურებულია.

„ყველა შენობა დანგრეულია, დაბომბილია. ძალიან ბევრი ნანგრევია. ყველაგან, სადაც მივაღწიეთ, სადაც ვიცოდით, რომ იმყოფებოდნენ სამოქალაქო პირები და სადაც ჩვენ მივდიოდით ხოლმე მათთან ან დაბომბვების დროს ან შესვენებისას, ყველა ასეთი ადგილიდან ადამიანების ევაკუაცია მოხერხდა. თუმცა, მე გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ ქარხნის ტერიტორიაზე სადმე კიდევ არის ბუნკერები ნანგრევებში. შეიძლება, იქ იყვნენ მოქალაქეები. ამიტომ დაბეჯითებით ვერც კის ვიტყვი და ვერც – არას. ჩვენი მხრიდან რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, იყო ხელისუფლებისადმი თხოვნა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოწოდება, ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ყველა სამოქალაქო პირის ევაკუაცია მოვახდინეთ, ვისაც ვიცნობდით“, – განაცხადა სვიატოსლავ პალამარმა.

კითხვას იმის შესახებ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, „აზოვსტალის“ თავდაცვის გეგმა ქართველი მებრძოლის მიერ იყო დაგეგმილი და არიან თუ არა ახლა მათთან ქართველები, პალამარმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ თავდაცვის გეგმას სამხედრო საკითხის გამო არ გაამხელს.

„ჩვენ დაგვეღუპა ერთი ქართველი მებრძოლი ბახვა და მეორე ქართველი, გიორგი მძიმედ დაიჭრა „აზოვსტალთან“ ბრძოლაში. მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან დიდი ადამიანია, მისი ევაკუაცია მოხერხდა, ახლა მკურნალობს. იცით, ამ ადამიანებზე საუბრისას მინდა, გამოვხატო დიდი პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ, რომ მათ ასეთი მებრძოლები ჰყავთ. ამაყი ვარ, რომ ქართველ მებრძოლებს პირადად ვიცნობ. მინდა, საქართველოს დიდი მოკითხვა გადავცე და დიდი მადლიერება, რათა რომ თქვენ არსებობთ, იბრძვით, თქვენი ბიჭები იბრძვიან და ყველაფერი იქნება კარგად. დამიჯერეთ, ჩვენ მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. რაც შეეხება „აზოვსტალის“ თავდაცვის გეგმას, მე ამას არ გავამხელ. ეს სამხედრო თემაა“, – განაცხადა ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ.