ლეგენდარულმა დინო ძოფმა კვარაცხელიაზე ისაუბრა - ახლა ლეაო მირჩევნია, მაგრამ ქართველი დიდი სიურპრიზია #1TVSPORT
ლეგენდარულმა დინო ძოფმა კვარაცხელიაზე ისაუბრა - ახლა ლეაო მირჩევნია, მაგრამ ქართველი დიდი სიურპრიზია #1TVSPORT

ლეგენდარულ იტალიელ მეკარე დინო ძოფს გამოცემა Corriere dello Sport-მა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მას სერია A-ს ორი გამორჩეული მარცხენა ფლანგელის, რაფაელ ლეაოს და ხვიჩა კვარაცხელიას შედარება სთხოვეს.

იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარის თქმით, „მილანის“ პორტუგალიელი ფორვარდი „ნაპოლის“ ქართველ ლიდერს ურჩევნია, რადგან ლეაოს უკეთ იცნობს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ სიმპათია გამოთქვა და განმარტა, რომ ეს არჩევანი მისი სუბიექტური აზრია.

„ფსონს ამჯერად ლეაოზე დავდებდი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მის თამაშს უფრო ხშირად ვუყურებდი. ჩემი არჩევანი ასევე დამოკიდებულია გუნდზე, რომელშიც რჩეული მყავს, მაგრამ კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, ის არაჩვეულებრივი სიურპრიზია, გამაოცა. კვარა ლუიჯი მერონის მაგონებს. ლეაო და კვარაცხელია ერთმანეთის მსგავსი ამპლუის მოთამაშეები არიან, მაგრამ სტილით განსხვავდებიან. ლეომ თავისი პოტენციალი უკვე გამოავლინა, კვარაცხელია კი მხოლოდ ამ გზის დასაწყისშია და დროთა განმავლობაში ამ გზაზე სიარულს ისწავლის“, – განაცხადა ლეგენდარულმა მეკარემ.

ლუიჯი „ჯიჯი“ მერონი 60-იანი წლებში იტალიის ნაკრების და „ტორინოს“ ყოფილი თავდამსხმელი იყო და 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. დინო ძოფი კი იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდაა – 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1970 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და 1968 წლის ევროპის ჩემპიონი. 1974 და 1978 წლების მსოფლიო ჩემპიონატების, ასევე, 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მეკარედ. იგი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ნაკრების კაპიტნის რანგში არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, არამედ ტურნირის საუკეთესო მეკარის ტიტულის მოპოვება შეძლო 40 წლის, 4 თვის და 13 დღის ასაკში. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 41-ე ადგილზე დასახელდა.