ლეგენდამ კარიერა დაასრულა
ლეგენდამ კარიერა დაასრულა
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ლეგენდარულმა მებრძოლმა ჯორჯ სენ-პიერმა სპორტული კარიერა დაასრულა.
ამის შესახებ ცნობილმა კანადელმა მონრეალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სენ-პიერი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ისტორიაში ერთერთი გამორჩეული მებრძოლი იყო. შეგახსენებთ, რომ ჯორჯმა კარიერა პირველად 2013 წელს დაასრულა, მას შემდეგ, რაც 9-ჯერ მოახერხა საკუთარ ტიტულის დაცვა, თუმცა 2017 წელს ისევ დაბრუნდა და მაიკლ ბისპინგს მოუგო.
ბრიტანელთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, იგი ისტორიაში მეოთხე მებრძოლი გახდა, ვინც ჩემპიონობა ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაისაკუთრა.
„კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მივიღე. ყველაფერს ცრემლების გარეშე ვხვდები და ძალიან ბედნიერი ვარ. დროა, წავიდე. ამ სპორტში კარიერა მაშინ უნდა დაასრულო, როცა საუკეთესო ხარ და მწვერვალზე იმყოფები. ეს ძალიან რთულია და მიხარია რომ შევძელი“, – განაცხადა სპორტსმენმა.