ლეგენდა დააფასეს - „ტორპედოს“ ბაზა ჯემალ ხერხაძის სახელობის იქნება #1TVSPORT
ლეგენდა დააფასეს - „ტორპედოს“ ბაზა ჯემალ ხერხაძის სახელობის იქნება #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – ამიერიდან საღორიაში მდებარე საწვრთნელ ბაზას ქუთაისის „ტორპედოს“ ლეგენდის, ჯემალ ხერხაძის სახელობის იქნება.

ჯემალ ხერხაძე „ტორპედოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილი იყო. გასული საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებში გამოდიოდა. 1969 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 16 გოლი გაიტანა და კიდევ ორ ფეხბურთელთან (ვლადიმირ პროსკურინი (როსტოვის ასკ), ნიკოლაი ოსიანინი (მოსკოვის „სპარტაკი“) ერთად ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მაგრამ გაზეთმა „ტრუდმა“ პრიზი მხოლოდ მოსკოვის „სპარტაკის“ მოთამაშეს გადასცა. საქმე ისაა, რომ ბოლო ტურის მატჩში ქუთაისის “ტორპედომ” როსტოვის ასკ-ს უმასპინძლა და 3:3 ითამაშა, ხერხაძემ და პროსკურინმა კი ჰეტ-თრიკები შეასრულეს. გაზეთ „ფუტბოლ-ჰოკეის“ ჟურნალისტის, გენადი რადჩუკის აზრით, ეს გარიგებული მატჩი იყო, ანუ, ხერხაძემ და პროსკურინმა 3-3 გოლი დაუმსახურებლად გაიტანეს და გაზეთ „ტრუდის“ გადაწყვეტილებით (რომელიც საუკეთესო ბომბარდირის პრიზს გადაცემდა), პრიზი მხოლოდ მოსკოვის „სპარტაკის“ თავდამსხმელს, ნიკოლია ოსიანინს გადაეცა.

გადაწყვეტილება უცნაურად დაასაბუთეს – „მისი გუნდი ჩემპიონი გახდა, თავად კი გადამწყვეტ შეხვედრებში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა“. არადა, იმ წელს ხერხაძემ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გოლები გაუტანა ჩემპიონ „სპარტაკს“, „ტორპედოს“, კონკურენტებს – მინსკის „დინამოს“, „ქაირათსა“ და როსტოვის ასკ-ს. მაგრამ იმ დროს ყველაფერი მოსკოვში წყდებოდა და ასე დაჩაგრეს ქუთაისელი გულშემატკივრების კერპი ქართველი თავდამსხმელი, ისევ როგორც როსტოველი თავდამსხმელი. თუმცა მერე ცნობილი გახდა, რომ პროსკურინს როცა 70 წელი შეუსრულდა ჯილდო მაინც გადასცეს.

ჯემალ ხერხაძემ ქუთაისური კლუბის მაისურით 15 სეზონი (1962-1976) ჩაატარა და 337 მატჩში 82 გოლი გაიტანა. ქუთაისელ გულშემატკივრებს ხერხაძე კლუბისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამო უყვარდათ. მას რამდენჯერმე თბილისის „დინამოში“ გადასვლა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა. ხერხაძე შედის მსოფლიოს იმ 90 ფეხბურთელს შორის, რომელმაც ერთ კლუბში 15 სეზონი ჩაატარა.

კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა გადაწყვიტა და 1977 წლიდან სამწვრთნელო კარიერა „ტორპედოში“ დაიწყო, რომელსაც 1977-84, 1987-2000 წლებში წვრთნიდა. 1999 წლის 26 მაისს მისი ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ საქართველოს თასი მოიგო. მაშინ ხერხაძის გუნდმა ფინალში წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა.

ქუთაისის „ტორპედოს“ ლეგენდა ჯემალ ხერხაძე 2019 წლის მარტში, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.