ლებრონმა კვლავ ვერ ითამაშა, გოლდენ სტეიტმა ლეიკერსი დამაჯერებელად დაამარცხა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულში მორიგი მატჩები გაიმართა. სტეიპლს ცენტრში 19 ქულის სხვაობით მოგების შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტეიტ ვორიორზმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსს საკუთარ ორაკლ არენაზე მიიღო და ამჯერადაც დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ლეიკერსი კვლავ ლებრონ ჯეიმსის გარეშე ასპარეზობდა, რომელმაც თითქოს ტრავმა მოირჩინა, თუმცა ალბათ გუნდის ექიმები მეფეს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან და არ რისკავენ. ლიდერის გარეშე, რა თქმა უნდა, ლოსანჯელესურ კლუბს ჩემპიონთან მცირე შანსი ჰქონდა. საბოლოოდ მატჩი ვორიორზის გამარჯვებით 115-101 დასრულდა.

სტივ კერის გუნდში საუკეთესო 28 ქულით კლეი ტომპსონი გამოდგა. 21 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კევინ დურანტმა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა დემარკუს ქაზენსს (18 ქულა 10 მოხსნა). ლეიკერსის რიგებში ყველაზე მეტი, 20 ქულა, ბრენდონ ინგრამის ანგარიშზეა. 12 ქულითა და 11 პასით ორმაგი დუბლი ჰქონდა რაჟან რონდოს.

დეტროიტი – კლიპერსი 101-111
შარლოტი – ჩიკაგო 125-118
ორლანდო – ბრუკლინი 102-89
ვაშინგტონი – მილუოკი 115-131
კლივლენდი – დალასი 98-111
მაიამი – ინდიანა 88-95
სან ანტონიო – ნიუ ორლეანი 113-108
მინესოტა – დენვერი 106-107
ფინიქსი – ატლანტა 112-118
იუტა – ჰიუსტონი 98-125
საკრამენტო – ფილადელფია 115-108