ლებრონ ჯეიმსმა „ლეიკერსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა
ლებრონ ჯეიმსმა „ლეიკერსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

ლებრონ ჯეიმსი, ახალ ორწლიან კონტრაქტს დათანხმდა და „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ 2022-2023 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს. კონტრაქტის მიხედვით ის 85 მილიონ დოლარს მიიღებს.

ჯეიმსი წინა სეზონში „ლეიკერსის“ გაჩემპიონების მთავარი შემოქმედი იყო. მას საშუალოდ მატჩში 25.3 ქულა, 10.2 შედეგიანი გადაცემა, 7.8 მოხსნა და 1.2 ჩაჭრა დაუგროვდა. „მეფე“ სუპერფინალში „მაიამის“ წინააღმდეგაც წარმატებულად გაუძღვა თავის გუნდს, ფინალების MVP გახდა და სანატრელი ტიტული მოაპოვებინა ლოს ანჯელესურ გუნდს. ლებრონისთვის ეს მე-6 საჩემპიონო ბეჭედი იყო.

„ლეიკერსის“ მენეჯმენტისთვის ჯეიმსთან ერთად მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს კიდევ ერთი სუპერვასკვლავი ენტონი დევისი. ლებრონის კონტრაქტის გახანგრძლივებამ კი, შესაძლოა, ასევე იმოქმედოს დევისის გადაწყვეტილებაზეც. მედიაში ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ 27 წლის ცენტრი აქტიურად აკვირდებოდა გუნდში მიმდინარე პროცესებს და გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებდა, როცა შემადგენლობა ბოლომდე დაკომპლექტდებოდა.

ESPN-ის ჟურნალისტის ადრიან ვოჯნაროვსკის ცნობით, „ლეიკერსი“ დევისის კონტრაქტის რამოდენიმე ვარიანტს განიხილავს.

 

დატოვე კომენტარი