The Athletic-ის ცნობით, ჭორებისა და სპეკულაციების მიუხედავად, ლებრონ ჯეიმსი 2025-2026 წლების სეზონში „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ დარჩება.
გავრცელებული ინფორმაციით, კალიფორნიულ გუნდსა და ჯეიმსს გაცვლაზე ან კონტრაქტის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებები არ ჰქონიათ.
ჯეიმსის გაცვლა, მისი წლიური ანაზღაურების გათვალისწინებით, რთული იქნება, რადგან NBA-ში სახელფასო ლიმიტის გამო ე.წ. ტრეიდი იმ მოთამაშეებს შორის უნდა განხორციელდეს, რომლებსაც ერთნაირი ღირებულების კონტრაქტები აქვთ.
ამერიკული მედიის ცნობით, „ლეიკერსი“ გუნდში ისეთი მოთამაშის აყვანასაც ერიდება, რომლის კონტრაქტიც წელიწადში 50 მილიონი აშშ დოლარის გადახდას გულისხმობს. კალიფორნიელები ლებრონის 52.6 მილიონი აშშ დოლარისგან გათავისუფლდებიან, როგორც კი მომავალი სეზონის ბოლოს მისი კონტრაქტი ამოიწურება.
40 წლის ჯეიმსი NBA-ში რეკორდულ, 23-ე სეზონს იწყებს. მას რეგულარული სეზონის 1562 თამაში აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ კალათბურთელსა და დიდების დარბაზის წევრს, რობერტ პერიშს 50 მატჩით ჩამორჩება.
გივი ცერაძე