ლეანდრო ტროსარი ახლოს არის, კარიერა „ბეშიქთაშში“ გააგრძელოს #1TVSPORT
„არსენალი“ და „ბეშიქთაში“ ბელგიელი შემტევის, ლეანდრო ტროსარის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
გარიგების ჯამური ფასი 20 მილიონი ევროა – აქედან 18 მილიონი ფიქსირებულია, ხოლო დარჩენილი 2 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, სატრანსფერო პროცესი ჯერ ბოლომდე არ დახურულა.
მოლაპარაკებები ახლა უშუალოდ ფეხბურთელის პირად კონტრაქტსა და მის ანაზღაურებაზე მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ მისი წლიური ხელფასი დაახლოებით 9 მილიონ ევროს გაუტოლდება.
ბელგიელ მოთამაშეს ლონდონურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით აკავშირებს. 2025 წლის აგვისტოში მან გაუმჯობესებული პირობების შემცველ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რამაც მისი შემოსავალი საგრძნობლად გაზარდა.
31 წლის ფეხბურთელი ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე იცავს ბელგიის ეროვნული გუნდის ღირსებას. მისი ნაკრები ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებს შეხვდება.