„ლე მონდი“ - საფრანგეთის ალპებში რუსი ჯაშუშების ბაზა აღმოაჩინეს
„ლე მონდი“ - საფრანგეთის ალპებში რუსი ჯაშუშების ბაზა აღმოაჩინეს

ფრანგული „ლე მონდი“ იუწყება, რომ საფრანგეთის ალპებში რუსი ჯაშუშების ბაზა აღმოაჩინეს. როგორც გამოცემა წერს, 15 რუსი ჯაშუში სწორედ საფრანგეთის ალპებიდან აწყობდა ოპერაციებს მთელ ევროპაში. „ლე მონდის“ მტკიცებით, ჯაშუშები რუსეთის სამხედრო დაზვერვის ელიტური ქვედანაყოფის თანამშრომლები არიან.

სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ბაზაზე მომუშავე პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ შეკვეთილ მკვლელობებზე, საბოტაჟის აქტებზე და ე.წ. მკვდარი საფოსტო ყუთების სისტემის მუშაობაზე, რომლითაც საიდუმლო აგენტები ერთმანეთს ეკონტაქტებიან.

როგორც იუწყებიან, რუსი ჯაშუშებიდან ერთ-ერთი სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმესთან არის დაკავშირებული. ევროპის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა საფრანგეთის ალპებში მდებარე რუსი ჯაშუშების ბაზა სწორედ სკრიპალების საქმის გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს. „ლე მონდის“ ცნობით, 2014-დან 2018 წლამდე პერიდოში რუსი ჯაშუშები საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე არაერთ პატარა ქალაქში შენიშნეს, მათ შორის, შამონსა და ევიანში.

როგორც ფრანგული გამოცემა წერს, აღნიშნული პირები მუშაობდნენ ბულგარეთში, მოლდოვაში, მონტენეგროსა და სხვა ქალაქებშიც.

შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა. ამის მიზეზი ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაა. გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ზომას მიმართეს, რადგან მოსკოვი ხანგოშვილის გამოძიებაში თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

დატოვე კომენტარი