ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთი პატივისცემით უნდა მოეკიდოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთი პატივისცემით უნდა მოეკიდოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს

რუსეთი პატივისცემით უნდა მოეკიდოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას.

„ლატვია მიესალმება საქართველოს ძალისხმევას მიაღწიოს დარეგულირებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებთან და გმობს რუსეთის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ამ რეგიონების რუსეთის ეკონომიკურ, საბაჟო, სოციალურ და უსაფრთხოების სფეროში ინტეგრაციისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადასასვლელების ჩაკეტვას, რაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების გადაადგილებას ზღუდავს.

„ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, რაც ორგანიზებულია აფხაზეთის და ოსეთის ხელისუფლების მიერ და მხარდაჭერილია რუსეთის მხრიდან. აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე სასაზღვრო ნიშნებისა და ღობეების არალეგალურ დამონტაჟება მიუღებელია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვა და გლობალური პანდემიის გამოყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად დაუშვებელია.

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „კოვიდ-19“-ის ეპიდემიამ დაადასტურა, რომ ეს რეგიონები განსაკუთრებით დაუცველია გლობალური პრობლემების წინაშე, რადგან მათ შეზღუდული აქვთ ფინანსური და სამედიცინო რესურსი, ასევე, ვირუსთან საბრძოლველად ობიექტური ინფორმაციის მისაღების წყაროებიც შეზღუდულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ხელისუფლებას და რუსეთს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც სიტუაციაც გააუარესებს და რეგიონში უსაფრთხოების დამატებით რისკებს გააჩენს.

ასევე, ლატვიის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია კონფლიქტის მხარეებს შორის დაძაბულობის განმუხტვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ლატვია მხარს უჭერს მისიას მისი დაარსების დღიდან. მონიტორინგის მისიაში ამჟამად რვა ლატვიელი მუშაობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლატვიის საგარეო უწყება ასევე მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენაა მიმართული.

„რუსეთი პატივისცემით უნდა მოეკიდოს მის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, სამხედრო ძალების გაყვანას კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.