ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - საქართველო რთული მეტოქეა, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს
ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - საქართველო რთული მეტოქეა, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს

ლატვიელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიქსუ პაატელაინენმა დღეს „დინამო არენაზე“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთში შემტევი და ლამაზი ფეხბურთი აჩვენა.

„საქართველო შესანიშნავი გუნდია, რომელმაც ყაზახეთში შემტევი და ლამაზი ფეხბურთი აჩვენა. ვიცი, რომ ხვალ ძალიან გაგვიჭირდება, რადგან საქართველო ჯგუფის ფავორიტია, თუმცა შევიმუშავეთ სათამაშო სტრატეგია და მის განხორციელებას ვეცდებით. მთავარია, მეტოქის პლიუსები გავანეიტრალოთ“, – განაცხადა მან.

პრესკონფერენციაზე პაატელაინენთან ერთად, მედიის კითხვებს ლატვიელთა ნაკრების მეკარემ, ანდრეი ვანინცმაც უპასუხა.

„ჩვენ საქართველოსთან ოფიციალური შეხვედრა არასდროს წაგვიგია. ვეცდებით, სერია ხვალაც განვაგრძოთ. მართალია, ანდორას ვერ მოვუგეთ, მაგრამ გულშემატკივარს უნდა ვაჩვენოთ, რომ კარგი თამაში და მოგება შეგვიძლია“, – აღნიშნა მეკარემ.

საქართველოსა და ლატვიის მატჩი, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟსაც პირველი არხი შემოგთავაზებთ, „დინამო არენაზე“ ხვალ 20:00 საათზე დაიწყება.