ლატვიაში ქართველების „ლიეაპაიამ“ არდაზიშვილის ასისტით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

„ლიეპაიამ“ (სადაც ხუთი ქართველი თამაშობს, მთავარი მწვრთნელი კი თამაზ პერტიაა) ლატვიის ვირსლიგაში „აუდა“ რატი არდაზიშვილის ასისტით 1:0 დაამარცხა.

ლატვიის მთავარი ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში „ლიეპაიას“ ძირითად შემადგენლობაში ოთხი ქართველი ფეხბურთელი იყო – ვაჟა ფაცაცია, რატი არდაზიშვილი, ანდრია ხორხელი და ლუკა სილაგაძე, რომელმაც გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა. მხოლოდ გიორგი კუცია არ იყო განაცხადში, რომელმაც ბოლო ორი მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.

„აუდას“ კარში ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე სენეგალელმა თავდამსხმელმა, რასულ ბამ გაიტანა, საგოლე გადაცემა კი რატი არდაზიშვილმა შეასრულა. ქართველმა ნახევარმცველმა მარცხენა ფლანგზე დაწყებული შეტევა განავითარა და კარის წინ გახსნილი თავდამსხმელი მოძებნა.

პერტიას გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება და ქულები მოიპოვა. აქამდე გუნდმა ოთხივე მატჩი წააგო და 11 გოლი გაუშვა.