ლაშა ტალახაძისა და ლიდია ვალენტინის დაჯილდოების ცერემონია დღეს ქობულეთში გაიმართება
ლაშა ტალახაძისა და ლიდია ვალენტინის დაჯილდოების ცერემონია დღეს ქობულეთში გაიმართება

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიო რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია დღეს, 18:30 საათზე ქობულეთში გაიმართება.

ასევე, ქობულეთში დაჯილდოვდება 2018 წლის საუკეთესო ქალი ძალოსანი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელმაც წლის საუკეთესო ძალოსანი ქალის სტატუსი უკვე მესამედ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო მამაკაცი და ქალი ძალოსნების ვინაობა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა. გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ლაშა ტალახაძემ, რომელიც ზედიზედ მეორე წელია, წლის საუკეთესო მამაკაცი ძალოსანი ხდება, დაახლოებით 17,800 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ირანელი სოჰრაბ მორადი, მესამეზე კი  – ინდონეზიელი ეკო იული ირავანი. ქალებს შორის საუკეთესოდ გამოვლენილმა ლიდია ვალენტინმა 13,000 ხმა მოაგროვა.

დაჯილდოების ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.