ლაშა ტალახაძე - ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და საქართველოში ოქროს მედლებით დავბრუნდებით
ლაშა ტალახაძე - ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და საქართველოში ოქროს მედლებით დავბრუნდებით

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, ლაშა ტალახაძე ესტუმრა.

მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა გულშემატკივრებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ლაშა ტალახაძემ პანდემიით გამოწვეულ პაუზაზე, მის სპორტულ ფორმასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მე მძიმე წონით კატეგორიაში ვარ და თუ წონას ვიმატებ, ძალაც მემატება. აქედან გამომდინარე ფორმაში მალე შევდივარ. თუმცა, ის სპორტსმენები, რომლებიც ახლა ისვენებენ, ძალიან კარგ ფორმაში იყვნენ, ასეთ ფომრაში მგონი ჩვენი ნაკრები არ ყოფილა. გადაიდო ყველა შეჯიბრება. თავს ზევით ძალა არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენები ვარჯიშის დაწყებიდანვე მალე შევლენ ფორმაში.

წელს, აპრილის თვეში უნდა ჩატარებულიყო ევროპის ჩემპიონატი, რომელიც გადაიდო. დაანონსდა, რომ შემოდგომაზე ჩატარდება. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და საქართველოში ოქროს მედლებით დავბრუნდებით.

რაც შეეხება ოლიმპიადას. ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ოლიმპიადას კარგ ფორმაში შევხვედროდით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთი წელი ბევრს არაფერს შეცვლის და ჩვენი სპორტსმენები საკუთარ სიტყვას იტყვიან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 2021-ში. ამ ერთ წელიწადში რა მოხდება, არავინ იცის. კარგი იქნებოდა, ჩატარებულიყო ეს შეჯიბრება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ – თავს ზემოთ ძალა არ არის. სხვა სახეობბეშიც ემზადებოდნენ და ეს ოლიმპიადა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეჯიბრი იქნებოდა  ქართული სპორტის ისტორიაში“. – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.