ლაშა ტალახაძე - 2019 წელი გამორჩეული იყო, ექვსი მსოფლიო ჩემპიონი არც ერთ წელს გვყოლია (ვიდეო)

წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე შვილთან, მარიამ ტალახაძესთან ერთად „ტაიმაუტის“ საახალწლო ეთერს სტუმრობდა.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს რეკორდსმენმა გასულ წელს ქართული სპორტის მიღწევები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

„2019 წლით კმაყოფილი ვარ, რადგან ყველა დასახული გეგმა ავასრულეთ. იმაზე მეტ ტურნირზე მივიღეთ მონაწილეობა, ვიდრე დაგეგმილი იყო.

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდა, რასაც ძალიან კარგად გავართვით თავი. ყველა კმაყოფილი იყო. ბოლო დღეს კი მე და ირაკლი თურმანიძე, ორი ქართველი მძიმეწონოსანი კვარცხლბეკზე ვიდექით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო, რადგან საკუთარ კედლებში გამოვდიოდი. ვიცოდი, ბევრი გულშემატკივარი გვეყოლებოდა, იქ ტრიბუნებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ფსიქლოგოგიურად ერთგვარი დატვირთვა გვქონდა. შემდეგ იყო მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მოგეხსენებათ ორჭიდის ჯამში 484 კილოგრამი დავაფიქსირე, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელი და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომ ჩვენი გეგმები სისრულეში მოვიყვანოთ.“

ლაშა ტალახაძემ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზეც ისაუბრა: „რიოს ოლიმპიადის შემდეგ ერთი სული მქონდა, როდის მომიწევდა მეორე ოლიმპიადაზე ასპარეზობა. უკვე კარს არის მომდგარი, შვიდ თვეში დაიწყება და ვემზადები, რომ კარგ ფორმაში ვიყო და ახალი შედეგები დავაფიქსირო. მთავარი მიზანი მაინც გამარჯვება იქნება და თუ საშუალება მომეცემა შევეცდები, ახალი რეკორდებიც დავაფიქსირო.“

ლაშა ტალახაძემ ქართული სპორტის მიღწევები შეაჯამა: „2019 წელი გამორჩეული წელი იყო. ექვსი მსოფლიო ჩემპიონი არც ერთ წელს არ გვყოლია. მაინც ჭიდაობისკენ უფრო მიმიწევს ხოლმე გული. გენო პეტრიაშვილმა, რომელიც ასევე მძიმეწონოსანია, უკვე ზედიზედ მესამედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, რაც ძალიან დასაფასებელია.

ასევე ჩვენი ძიუდოისტები, ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელმაც წელს ფაქტობრივად ყველაფერი მოიგო, სადაც კი იასპარეზა. ასევე ჩვენი სხვა მოჭიდავეები, ყველას ვგულშემატკივრობ. ვადევნებდი თვალს, ვგულშემატკივრობდი და ძალიან მიხარია ჩვენი ბიჭების წარმატება, თუ როგორი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიაღწიეს ყველაფერს ამ ბიჭებმა. “

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა თანამემამულეებს ახალი წელი მიულოცა და უსურვა, რომ თითოეული ქართველისთვის 2020 წელი ჯანმრთელობის, ბედნიერების, წინსვლის, წარმატების, მშვიდობისა და სიყვარულის წელი ყოფილიყოს.

დატოვე კომენტარი