ლაშა შავდათუაშვილმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა ჩეხი კარიმოვი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა და მერვედფინალში თურქ გილოღლუს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნინო ლოლაძე (57კგ) მერვედფინალში სერბ მარიცა პერისიჩთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.