ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაო დიუსოლდორფში [ვიდეო]

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე „გრანდ სლემზე“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მეორე მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა.

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ტიტულოვანმა გორელმა ფალავანმა, მეოთხედფინალამდე მისვლა მოახერხა, იქ კი რუსეთის ნაკრების წევრ მუსა მოგუშკოვთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო. რეპეშაჟში შავდათუაშვილმა ჯერ მასპინძელ ენტონი ზინგს სძლია, მედლისთვის ბრძოლაში კი ტაჯიკეთის წარმომადგენელი სომონ მაჰმადმეკოვი დაამარცხა და მიმდინარე წელს „გრანდ სლემის“ მეორე მედალი დაისაკუთრა. შეგახსენებთ რომ ოლიმპიურმა ჩემპიონმა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედალი ორი კვირის წინ პარიზის „დიდ მუზარადზეც“ აიღო.

დღესვე ასპარეზობაში კიდევ სამი ქართველი – ფრიდონ გიგანი (73 კგ), გიორგი კაციაშვილი (81 კგ) და ბექა დონღვანი (81 კგ) ჩაერთნენ, თუმცა სამივე მათგანმა ასპარეზობა წინასწარ ეტაპზე დაასრულა. გუშინ კი ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) მოუტანა.

ტურნირი ხვალ დასრულდება, სადაც მამაკაცთა შორის სამ წონით კატეგორიაში გამართული შეჯიბრზე, საქართველოს ღირსებას ხუთი ძიუდოისტი დაიცავს.

დატოვე კომენტარი