ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი დღეს ევროპის ღია პირველობაზე იჭიდავებენ #1TVSPORT
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი დღეს ევროპის ღია პირველობაზე იჭიდავებენ #1TVSPORT

კოსოვოს დედაქალაქი პრიშტინა დღეს ევროპის ღია პირველობას უმასპინძლებს. შეჯიბრზე, რომელიც წლეულს პირველად ტარდება, ასპარეზობები მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში გაიმართება.

ტურნირზე ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) გამოვლენ.

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი პირდაპირ მეორე წრიდან იჭიდავებს. შავდათუაშვილის პირველი მეტოქე ერიკ ჰამსა (დიდი ბრიტანეთი) და მარტინ ჰოიაკს (სლოვაკეთი) შორის გამარჯვებული იქნება.

ლიპარტელიანი მერვედფინალში ესპანელ ხაიონ ეკუისოაინს შეხვდება. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, მეოთხედფინალში ლელე ნაირნესა (დიდი ბრიტანეთი) და აისენურ კარადაღის (თურქეთი) წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ევროპის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 300 ათასი ევროა. თანხები ხუთეულში გასულ ძიუდოისტებზე გადანაწილდება.