საქართველოს ნაკრების მცველის, ლაშა დვალის შეძენით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა და, სავარაუდოდ, მალე კონტრაქტს გააფორმებს – ინფორმაცია პირველ არხთან ფეხბურთელის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ დაადასტურა.
„ლაშა დვალის ტრანსფერით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული პოლონეთიდან და საუდის არაბეთიდან, მაგრამ ლაშას ნაკრებში თამაში სურს და ამის გამო ფულს სპორტულ პრინციპებზე მაღლა არ დააყენებს. მით უმეტეს, რომ ცოტა ხნის წინ ძლიერი ლიგის ამბიციური კლუბიდან საინტერესო წინადადება მიიღო. უახლოეს დღეებში ყველაფერი გაირკვევა და, სავარაუდოდ, ახალ კლუბთან კონტრაქტსაც გააფორმებს“, – ამბობს ლაშა ოდილაძე.
ლაშა დვალი ბოლოს კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, ნიქოზიის აპოელ-ში ირიცხებოდა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.
დვალი საქართველოს ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში „ჯვაროსნების“ ფორმით 45 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.