ლაშა ნოზაძე - „საბურთალოს“ გარკვეული უპირატესობა აქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ #1TVSPORT
ლაშა ნოზაძე - „საბურთალოს“ გარკვეული უპირატესობა აქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ #1TVSPORT

ხვალ, 7 ივლისს, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში „საბურთალო“ პირველ შეხვედრას გამართავს. დღეს გუნდის მთავარი მწვრთნელი ლაშა ნოზაძე ჟურნალისტებს შეხვდა და მოახოლოებულ მატჩზე ისაუბრა:

„ვიდრე „პარტიზანთან“ მატჩზე ვისაუბრებდე, მინდა, დღეს ბათუმის „დინამოსა“ და ხვალ ყველა ქართულ კლუბს, ვინც ევროტურნირებზე თამაშობს, წარმატებები ვუსურვო. წარმატებული თამაში ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– რაც შეეხება ჩვენს მზადებას – უკვე რამდენიმე დღეა შეკრებაზე გადავედით. მართალია, მეტოქე ტრადიციული გუნდია, მაგრამ ჩვენ საკუთარი გეგმები და მიზნები გვაქვს. ვინც მინდორზე გავა, მაქსიმალურად დაიხარჯება და წარმატების მისაღწევად, არაფერს დაიშურებს. ორი თამაშის ჯამში ალბანური ბარიერი უნდა გადავლახოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

– ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. სასიამოვნოა, რომ დაგვიბრუნდნენ „საბურთალოს“ აღზრდილები, რომლებიც ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენენ – გურამ გოშთელიანი და გიორგი ჯინჯოლავა. გოშთელიანი „თელავში“ თამაშობდა და კარგ ფიზიკურ კონდიციებშია. რაც შეეხება გიორგი ჯინჯოლავას, გარკვეული პერიოდი გაუცდა, მაგრამ კარგა ხანია ჩვენთან ვარჯიშობს და უკეთესობა დაეტყო.

– გუნდმა ეროვნული ლიგის ბოლო ტურში მოგება ბოლო წუთებზე დავკარგეთ. არადა, 87-ე წუთამდე ორბურთიანი სხვაობით ვიგებდით. რა შეცდომები დავუშვით? თამაში და ანგარიშიც ჩვენ მიგვყავდა, მაგრამ ბოლო წუთებზე, სამწუხაროდ ,ორი გოლი გავუშვით. როგორც ჩანს, კონცენტრაცია დავკარგეთ. ისიცაა, რომ ბოლო მატჩები გორში ძლიერ წვიმაში მოგვიწია და გარკვეულწილად ძალები ამანაც დაგვაკარგვინა, ალბათ სრულად აღდგენა ვერ მოვასწარით. რა თქმა უნდა, შევისწავლეთ მატჩი, კარგად გავაანალიზეთ, მსგავსი შეცდომები მომავალში აღარ უნდა გავიმეოროთ.

– გუნდის დაკომპლექტებას რაც შეეხება, გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ყოველთვის წერტილოვანი გაძლიერება უნდა. ამ ეტაპზე არსებული ბირთვით ვითამაშებთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. გვქონდა მოლაპარაკება ორ უკრაინელ ფეხბურთელთან და ყველაფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა უკრაინაში არსებულმა მდგომარეობამ პრობლემები შექმნა და ამ ფეხბურთელების დამატება ვეღარ მოხერხდა. მოლაპარაკება ქართველ ფეხბურთელთანაც გვაქვს და ვნახოთ, რა გამოვა.

– „საბურთალოს“ საქართველოში ერთ-ერთი სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. რა თქმა უნდა, ეს უპირატესობაა და ჩვენთვის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი მინდორზე გადაწყდება, თუმცა მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და იმედია, წარმატებით ვითამაშებთ.

– მეტოქის თამაში განვიხილეთ და „პარტიზანის“ დადებითი მხარე ისაა, რომ ათლეტური გუნდია და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავს. გასული სეზონთან შედარებით, ვფიქრობ, სახეშეცვლილი იქნება, რადგან 9 ახალი ფეხბურთელი ჰყავს. სლოვენიაში შეკრებაზე რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართეს და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. თუმცა, ოფიციალური და ამხანაგური მატჩები განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ საკუთარი თამაშის ჩვენებას ვეცდებით – უნდა ვაკონტროლოთ ბურთი და მოწინააღდეგეს ბევრი პრობლემები შევუქმნათ“.