ლაშა ნოზაძე - ქართული გულშემატკივრების გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ #1TVSPORT
ლაზა ნოზაძემ კონფერენს ლიგის წილისყრაზე კომენტარი გააკეთა – „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ალბანური „პარტიზანი“ ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალაა.
„ჩვენი სავარაუდო ხუთივე მეტოქე თანაბარი ძალის გუნდი იყო, თუ არ ჩავთვლით სან მარინოს „ტრე პენეს“. გვაქვს დრო, მეტოქე რომ შევისწავლოთ და თავი კარგად წარმოვაჩინოთ. „საბურთალო” ყოველთვის მაღალ მიზნებს ისახავს და მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გადის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორი თამაშის ჯამში გამარჯვებულები გამოვიდეთ და გავახაროთ, როგორც „საბურთალოს“, ასევე ქართული ფეხბურთის ქომაგები“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ.
მისი თქმით, ალბანელებთან მხოლოდ ერთხელ უთამაშია.
„ფეხბურთელობის პერიოდში ალბანელების წინააღმდეგ საკლუბო დონეზე არ მითამაშია. თუმცა ერთხელ, როდესაც 21-წლამდე ნაკრების წევრი ვიყავი, ალბანეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ტირანაში მომიწია თამაში“.
საქართველოს თასის მფლობელი „საბურთალო“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „პარტიზანს“ შეხვდება. გუნდი ალბანელებს 7 ივლისს გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ უმასპინძლებს, ხოლო 14 ივლისს ტირანაში ესტუმრება.
„პარტიზანმა“ გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. ბოლო ოფიციალური მატჩი გუნდმა 26 მაისს გამართა, მას შემდეგ ალბანეთში სეზონი დასრულდა და აღარ უთამაშია.
„პარტიზანი“ ალბანეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. დაარსდა 1946 წელს, 16-ჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული და 15-ჯერ მოიპოვა ალბანეთის თასი.