ლაშა მენთეშაშვილი - „ლოკომოტივის“ ბოლოდროინდელი შედეგებით კმაყოფილები ვართ, გუნდი წინ მიიწევს #1TVSPORT
ლაშა მენთეშაშვილი - „ლოკომოტივის“ ბოლოდროინდელი შედეგებით კმაყოფილები ვართ, გუნდი წინ მიიწევს #1TVSPORT

„ლოკომოტივის“ ნახევარმცველი ლაშა მენთეშაშვილი გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებით დაიმედებულია და დარწმუნებულია, რომ ერთ-ერთი უძველესი ქართული გუნდი ლიგა 3-ში გავარდნას თავიდან აიცილებს.

სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ თბილისის „ლოკომოტივმა“ ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული 5 თამაშიდან 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ამ შეხვედრებში ერთ-ერთი გამორჩეული ლაშა მენთეშაშვილი იყო. მან განვლილ პერიოდთან და სეზონის დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ბოლო დროს ნაჩვენები შედეგით კმაყოფილები ვართ, გუნდი წინ მიიწევს და პროგრესირებს. ბოლო 5 თამაშიდან 3 მოვიგეთ, რაც შესანიშნავი შედეგია. თითოეულ რგოლში კარგად გამოვიყურებით. მიხარია, რომ გუნდს მეც დავეხმარე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბოლნისის „სიონთან“ სტუმრად მოპოვებული გამარჯვება უკანასკნელ წუთებზე გიორგი გაბაძის ულამაზესი გოლით.

გუნდში კარგი ატმოსფეროა, განწყობა ამაღლებულია. შემდეგ ტურში მარტვილის მერანთან სათამაშოდ კარგად უნდა მოვემზადოთ, რადგან სატურნირო ცხრილში ჩვენი უშუალო კონკურენტია. იმედი გვაქვს, სეზონის დარჩენილ ნაწილშიც ასევე წარმატებულად ვიასპარეზებთ“, – განაცხადა ლაშა მენთეშაშვილმა.