ლაშა კოხრეიძე - „ლოკომოტივთან“ გოლი ძალიან ემოციური მომენტი იყო #1TVSPORT 
ლაშა კოხრეიძე - „ლოკომოტივთან“ გოლი ძალიან ემოციური მომენტი იყო #1TVSPORT 

„თელავმა“ 34-ე ეროვნული ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო – თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე „ლოკომოტივი“ ლაშა კოხრეიძის გოლით 1:0 დაამარცხა. 23 წლის თავდამსხმელი ამბობს, რომ „თელავისთვის“ ახალი სეზონის წარმატებით დაწყება მნიშვნელოვანი იყო.

„ჩემთვისაც და გუნდისთვისაც „ლოკომოტივთან“ მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამავე დროს, დაძაბული. ცხადია, ეს გამარჯვება ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან გუნდმა ჩემი გოლით მოიგო. ბურთი ბადეში რომ დავინახე, ბუნებრივია, სიხარულისგან თავი ვერ შევიკავე. ძალიან ემოციური მომენტი იყო. სასტარტო შეხვედრას ყოველთვის ახლავს თავისებური მღელვარება და ეს ცხადად გამოჩნდა „ლოკომოტივთან“ მატჩშიც – რა თქმა უნდა, დაძაბულობა იგრძნობოდა პირველ ტაიმში, თუმცა მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და აშკარად უკეთესად ჩავატარეთ. თითქმის ეგრევე გატანილმა გოლმა კიდევ უფრო მეტი სითამამე შეგვძინა, უკეთ ავთამაშდით და ვფიქრობ, პირველი სამი ქულაც დამსახურებულად ჩავიწერეთ“, – ამბობს ლაშა კოხრეიძე.

მან გუნდის თანადგომისთვის „თელავის“ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და მომდევნო მატჩშზეც ილაპარაკა: 

„ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული გულშემატკივარი გვყავს – მათ გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობთ. ამ თამაშზეც დიდი მხარდაჭერა გვქონდა, რაც ძალიან დასაფასებელია და მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მომდევნო მატჩი კვლავ სტუმრად გვიწევს, ამჯერად „სიონთან“. ბოლნისში თამაში კი ყველასთვის რთულია, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავიღოთ და კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვოთ“.