ლაშა გოგიასა და გია გულორდავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე-მერს გია გულორდავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლის განცხადებით, მან გაითვალისწინა დანაშაულის ხასიათი და სპეციფიკა – ორივე პირი ზუგდიდის მერიაში მუშაობდა და მათ ურთიერთობა ქონდათ თანამშრომლებთან, რის გამოც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, შესაძლოა, მათ მტკიცებულებებზე ხელის შეშლისთვის გამოიყენონ.
ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას რამდენიმე არგუმენტით ითხოვდა, მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ დაკავებულებს მძიმე მუხლით აქვთ ბრალდება წარდგენილი. ასევე, პროკურორის განცხადებით, არსებობდა მათი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
ადვოკატები ითხოვდნენ, რომ გია გულორდავას გირაო – 20 000 ლარი შეფარდებოდა, ხოლო ლაშა გოგიას მიმართ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულიყო.
ადვოკატების განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში არცერთი ბრალდებული არ მიმალულა და შესაბამისად, ბრალდების მხარის პოზიცია მათთვის გაუგებარია.
საქმის პროკურორის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მოიპოვეს ბრალის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, აუდიოჩანაწერები, რაზეც ოქტომბრის ბოლოს ექსპერტიზის დასკვნა წარედგინა გამოძიებას.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.