ლაშა დვალმა კვიპროსის ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლი გაიტანა #1TVSPORT
ლაშა დვალმა კვიპროსის ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლი გაიტანა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი შედეგიან თამაშს განაგრძობს – აპოელ-ის ქართველმა ლეგიონერმა კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურის საშინაო შეხვედრაში აეკ-ს გაუტანა, მაგრამ აპოელ-ი ამჯერად ქულას დასჯერდა – 2:2.

ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია ნიქოზიელების ძირითად შემადგენლობაში თამაშობდნენ. დვალმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა – მისი თავური დარტყმის შედეგად ბურთი აეკ-ის მოთამაშეს შეეხო და კარში აღმოჩნდა. რამდენიმე წუთში ქვილითაიამ თანაგუნდელი, ლუკას ვილაფანესი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ არგენტინელმა შემტევმა შანსით ვერ ისარგებლა.

აპოელ-მა კიდევ რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, 76-ე წუთზე კი აეკ-მა ანგარიში გაათანაბრა. 82-ე წუთზე რადოსლავ პეტროვიჩმა მასპინძლები მეორედ დააწინაურა, მაგრამ ოთხ წუთში ლარნაკელების არგენტინელმა მცველმა, ფასუნდო სანჩესმა ანგარიში კიდევ ერთელ გაათანაბრა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

23 ტურის შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატს 52 ქულით აპოელ-ი ლიდერობს, მეორეადგილოსან „არისს“ ხუთი ქულით ასწრებს, ხოლო აეკ-ს – ექვსით. რაც შეეხება ლაშა დვალს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბოლო ოთხ ტურში სამი გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია.