ლაშა დვალი - ჩემთვის ქართულ გუნდთან თამაში უჩვეულოა #1TVSPORT
ლაშა დვალი - ჩემთვის ქართულ გუნდთან თამაში უჩვეულოა #1TVSPORT

კვიპროსის აპოელ-ის მცველმა, ლაშა დვალმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასთან“ მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ყოველ ზაფხულს ევროთასებზე ჩვენს გუნდებს ვგულშემატკივრობ. გორის „დილას“ მიმართ დიდი პატივისცემა უნდა გამოვხატო, ამ გუნდმა წელს საქართველო ღირსეულად წარადგინა. „დილა“ ახალგაზრდა და შემტევი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მათ საკმაოდ ძლიერ ევროპულ გუნდებთან შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს.

რთულ თამაშს ველოდებით. საერთოდ, ქართულ გუნდთან დაპირისპირება ჩემთვის უჩვეულოა, თუმცა, ბუნებრივია, აპოელ-ი სასურველ შედეგის მიღწევას და გამარჯვებას შეეცდება.

კვიპროსზე როცა მივდიოდი, ვიცოდი, რომ კარგი ჩემპიონატი ჰქონდათ. საშუალო ევროპული დონის ხუთი-ექვსი გუნდია, რომლებთანაც თამაში და მოგება რთულია. ევროპიდან ძლიერი ლეგიონერები ჩამოჰყავთ და ლიდერების ხარჯზე ყოველ წელს ჩემპიონატის დონე იმატებს.

აპოელ-ი ახალ სეზონში გაძლიერდა, ახალი მწვრთნელი და რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გვყავს. ის ბირთვიც შევინარჩუნეთ, რომელიც გასულ სეზონში იყო“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა დვალმა.

კონფერენს ლიგის მესამე ეტაპის პირველი შეხვედრა „დილასა“ და აპოელ-ს შორის ,,დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება, მატჩის ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

თამაშზე დასასწრები ბილეთები TKT.GE-ზე და ,,დინამო არენის“ სალაროებში იყიდება, მისი ფასი კი 5 ლარია.