ლაშა დარსალია - რუსულ-ქართული ურთიერთობების საერთო ფონის გამო, კიდევ უფრო გართულებულია ჟენევის მოლაპარაკებები და ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა
ლაშა დარსალია - რუსულ-ქართული ურთიერთობების საერთო ფონის გამო, კიდევ უფრო გართულებულია ჟენევის მოლაპარაკებები და ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა

ჟენევაში რუსულ-ქართული ურთიერთობების ყველა მწვავე საკითხი განიხილება, საერთო ფონის გამო, რომელიც არის შექმნილი, კიდევ უფრო გართულებულია მოლაპარაკებები და ამ საკითხებზეც იქნება მსჯელობა, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის დაწყებამდე.

ჟენევაში დღეს მხარეებისა და თანათავმჯდომარეების ტექნიკური შეხვედრა გაიმართება, ხვალ დილიდან კი ფორმატის მონაწილეები 48-ე რაუნდისთვის მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, ქართული დელეგაცია განსაკუთრებულ აქცენტს ბოლო მოვლენების ფონზე ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვაზე გააკეთებს, რაც განსაკუთრებით ამძიმებს ჰუმანიტარულ ვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„მოგეხსენებათ, მოლაპარაკებების მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების საკითხი, ასევე ის ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც გვაქვს ადგილზე. შესაბამისად, იქნება ძირითადი საკითხები, რასაც საქართველოს დელეგაცია დააყენებს, არის ის ჰუმანიტარული ვითარება და იმ საკითხების შესრულება, რომელიც გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით. მთავრი თემა ამ ეტაპზე, როგორც მოგეხსენებათ, არის გადასასვლელების დაკეტვის საკითხი, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმა ჰუმანიტარული ვითარება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენ მოვითხოვთ ამ გადასასვლელების გახსნას“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

ამავდროულად, 48-ე რაუნდის ფარგლებში ქართული დელეგაცია დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მწვავედ დააყენებს ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს. ასევე, მოითხოვს ოკუპანტი სახელმწიფოსგან ყველა შესაძლო ინფორმაციას ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებისა და მისი სიკვდილის ფაქტის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.