ლაშა დარსალია ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლების განცხადებას რუსეთის მიერ დაგეგმილ პროპაგანდისტულ ნაბიჯს უწოდებს
ლაშა დარსალია ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლების განცხადებას რუსეთის მიერ დაგეგმილ პროპაგანდისტულ ნაბიჯს უწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია აცხადებს, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, დაძაბოს ვითარება, რათა მიაღწიოს თავის დესტრუქციულ მიზნებს.

დარსალიას თქმით, ბოლო პერიოდში ხდება ვითარების მიზანმიმართულად დამძიმება და უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო გაუარესება.

„აქ კონკრეტულ დღეებზე არ არის საუბარი, საუბარია ბოლო რამდენიმე თვეზე, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა გზით ხდება დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმა, იქნება ეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი თუ გაძლიერებული რუსული პროპაგანდა, რომელიც მიმართულია მთლიანად, საქართველოს წინააღმდეგ და კონკრეტულად, ადგილზე ვითარების ესკალაციას ემსახურება.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ პერიოდში, როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადატანილია ვირუსთან ბრძოლაზე. ამის ფონზე ცდილობს რუსეთი, მაქსიმალურად დაძაბოს ვითარება, რათა მიაღწიოს თავის დესტრუქციულ მიზნებს“, – აღნიშნა დარსალიამ.

ლაშა დარსალიამ ასევე კომენტარი გააკეთა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „​წნელისის მიმართულებით 29 მაისს ვერტმფრენმა გადაიფრინა და ანალოგიური შემთხვევა 28 მაისსაც დაფიქსირდა ახალგორთან“. მათივე თქმით, „აღნიშნულის შესახებ არ იყვნენ გაფრთხილებული საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ და ამას აფასებენ, როგორც პროვოკაციულ ქმედებებს ავიაციის გამოყენებით“.

„პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის ცალსახად რუსეთიდან მომავალი და რუსეთის მიერ დაგეგმილი პროპაგანდისტული ნაბიჯი. ის, თუ უშუალოდ, ვინ აცხადებს ამას. ეს ერთი პატარა ნაწილია იმ დიდი ჰიბრიდული ოპერაციისა, რომელსაც რუსეთი უკვე წლებია, აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. აქ პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

ბოლო პერიოდის განცხადებებში არის ის რომ, კიდევ უფრო იზრდება თავდასხმა საერთაშორისო საზოგადოებაზე, რაც მიანიშნებს იმას, რომ რუსეთი ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.