ლაშა დარსალია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა
ლაშა დარსალია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა.

ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რას აკეთებს მთლიანად სახელმწიფო და ქვეყნის საგარეო უწყება ექიმის გასათავისუფლებლად.

„ვისაუბრეთ, რა ნაბიჯები გადაიდგა. პირველსავე დღეს საერთაშორისო მექანიზმი ამოქმედდა და ყველა დონეზე იყო კომუნიკაცია, რათა რაც შეიძლება, მალე მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

მთავარია, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა იყოს ისეთი, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდეს და ამ მხრივ, ყველანაირი საერთაშორისო მექანიზმი გვაქვს ამოქმედებული“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მისი თქმით, არის ბევრი საკითხი, რომელზე საჯაროდ საუბარიც რთულია, თუმცა ოჯახს ამ თემებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

„შეგვიძლია გითხრათ, რომ ყველა არსებული მექანიზმი ჩართულია, რათა მოხდეს კომუნიკაცია ყველა დონეზე რუსულ მხარესთან და აღნიშნული საკითხი უმოკლეს ვადებში გადაიჭრას“, – აცხადებს ლაშა დარსალია.

ამასთან, დარსალიამ კომენტარი გააკეთა რუსული და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ვაჟა გაფრინდაშვილი სამხედრო ექიმის რანგში მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში. დარსალია აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ კარგად იცის, რომ ეს ცრუ ინფორმაციაა და ვაჟა გაფრინდაშვილი, როგორც ყველა სხვა ექიმი იმ დროს, იმყოფებოდა საკუთარ სამუშაო ადგილზე და მეტიც, დაჭრილ რუს სამხედროებს მკურნალობდა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს განცხადებით მიმართეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოჯახის წევრები სახელმწიფო უწყებას ყველა შესაძლო ბერკეტის ამოქმედებისკენ მოუწოდებენ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ოჯახში.