ლაშა ბექაური - რაც მოხდა, დასანანია, მაგრამ ესეც სტიმულია, მეტი უნდა ვიშრომო #1TVSPORT
ლაშა ბექაური - რაც მოხდა, დასანანია, მაგრამ ესეც სტიმულია, მეტი უნდა ვიშრომო #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა კომენტარი გააკეთა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დასრულებულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მესამე ადგილი დაიკავა.

„რაც მოხდა, დასანანია, მაგრამ ძიუდო ისეთი სახეობაა, უცნაურობით არის აღსავსე. თუმცა, მე ბრინჯაოს მედლითაც გახარებული ვარ. ღმერთს მადლობა იმისთვის, რაც მომცა“, – ამბობს ლაშა ბექაური.

მსოფლიო პირველობაზე ნახევარფინალურ დაპირისპირებებში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) მსაჯების გადაწყვეტილებით მასპინძელ, უზბეკ ძიუდოისტთან დავლატ ბობონოვთან დამარცხდა, რაც ბევრმა გულშემატკვარმა უსამართლო გადაწყვეტილებად მიიჩნია.

ლაშამ კომენტარი ამ საკითხზეც გააკეთა:

„არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ჩემთვის მსაჯების შეცდომაც მოტივაციაა. და თუნდაც შეცდომა რომ ყოფილიყო, ესეც სტიმულია, მეტი რომ ვიშრომო და ხარვეზები გამოვასწორო“.

შეგახსენებთ, რომ უზბეკეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრები მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა. მსოფლიო ჩემპიონი 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა, მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა, ლუკა მაისურაძემ და გურამ თუშიშვილმა დაიკავეს.