„ლარნის“ მწვრთნელი – „იბერიის“ მიმართ პატივისცემის მიუხედავად, მჯერა ჩემი გუნდის და იმედია, შემდეგ ეტაპზე გავალთ #1TVSPORT
ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნის“ მთავარმა მწვრთნელმა, გარი ჰევერონმა „იბერიასთან“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, პირველი მატჩის წინ ინფორმირებული ვიყავით „იბერიის“ პრობლემებზე, მაგრამ ეს ჩვენ ნაკლებად გვეხებოდა და ვითარებას ვერ შევცვლიდით. თამაში ისეთი იყო, როგორსაც ველოდით. „იბერია“ კარგი გუნდია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლის უპირატესობა აქვს, შევეცდებით, კარგად ვითამაშოთ და დადებითი შედეგი ვაჩვენოთ.
ილუზია არ გვაქვს, რომ თბილისში იოლი თამაში იქნება, მაგრამ თავდაჯერების გარეშე წარმატების მიღწევას ვერავინ შეძლებს. არასოდეს ვფიქრობთ, რომ აუცილებლად მოვიგებთ, მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ მჯერა ჩემი გუნდის და იმედია, შემდეგ ეტაპზე გავალთ“.
„იბერია“ – „ლარნის“ შეხვედრა 11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ჩემპიონი მოგების შემთხვევაში კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს.