ლანდო ნორისი 2026 წლის სეზონზე - ყველა გუნდი ნულიდან დაიწყებს #1TVSPORT
„მაკლარენის“ პილოტმა, ლანდო ნორისმა აზრი გამოთქვა 2026 წლის სეზონში ბოლიდების მახასიათებლების შესახებ.
მომავალ სეზონში ფორმულა 1-ის ტექნიკურ რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. უფრო ადრე ამ სიახლეების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება დააფიქსირეს ალექს ალბონმა და შარლ ლეკლერმა.
„ყველაფერი სხვანაირად იქნება. ვფიქრობ, ფორმულა 1-მა მიაღწია ზედა ზღვარს სისწრაფისა და სხვა დანარჩენის მხრივ. ალბათ შეუძლებელია, იმაზე უკეთესი ვნახოთ, ვიდრე ჩვენი ჩემპიონატები იყო ბოლო წლებში. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალ წესებში არ იყოს არაფერი ხელოვნური. არ მინდა, რომ რბოლები გადაიქცეს ყალბ და პროგნოზირებად სანახაობად.
დიდი ალბათობით, ბოლიდი უფრო ნელი იქნება და ვეღარ აჩვენებს ფენომენალურ დროს წრეზე. ისინი არ იქნებიან ძალიან სწრაფები, რადგან ტრასის სწორი მონაკვეთის ბოლოს მეტი დამუხრუჭება იქნება საჭირო. შესაძლოა, რბოლების სანახაობრივი მხარე ისეთი მაგარი აღარ იყოს, როგორც ადრე. ეს ახალი გამოწვევაა ყველასთვის. ყველა გუნდი ნულიდან დაიწყებს განვითარებას“, – მოჰყავს ნორისის სიტყვები გამოცემა Motorsport Week-ს.