„ლანჩხუთმა“ ინფორმაცია გაასაჯაროვა - „როსენგარდის“ ბიუჯეტი სამი მილიონი ევროა, ჩვენი 32 000 ევრო
„ლანჩხუთმა“ ინფორმაცია გაასაჯაროვა - „როსენგარდის“ ბიუჯეტი სამი მილიონი ევროა, ჩვენი 32 000 ევრო

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში შვედურ „როსენგარდთან“ დამარცხდა (0:7 შინ, 0:10 სტუმრად) და გათამაშებას გამოეთიშა. მაგრამ მისი გამოსვლა ქართული ფეხბურთის ისტორიაში მაინც დარჩება, რადგან ეს პირველი გუნდია, რომელმაც ევროთასებზე ორი ეტაპი გადალახა და ევროპის 32 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ხელმძღვანელობამ წერილი გამოაქვეყნა, სადაც შვედეთში თამაშის შემდეგ მოპოვებული ინფორმაციები განსჯისთვის გაასაჯაროვეს.

„დგება მომენტი, როცა მხოლოდ ბრძოლის ჟინი და მონდომება არ არის საკმარისი. გაცილებით მეტია საჭირო. ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო, თუ რა მეტოქესთან გვიწევდა ჭიდილი, გვინდა ეს ინფორმაცია თქვენც გაგიზიაროთ. სურათზე ასახულია ყველა იმ სპონსორის სახელი და ლოგო, რომელიც ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერით ქალთა საფეხბურთო კლუბ „როსენგარდს“ უზრუნველყოფს. სპონსორების რაოდენობა თავად დათვალეთ, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები ქვემოთ არის მოყვანილი: „როსენგარდის“ წლიური ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს აღწევს, შედარებისთვის – „ლანჩხუთის“ წლიური ბიუჯეტი 2020 წელს დაახლოებით 32,000 ევროს შეადგენს“, – წერია „ლანჩხუთის“ ოფიციალურ გვერდზე.

ამავე დროს, პოსტში არის ინფორმაცია შვედეთის ქალთა ჩემპიონი გუნდის შემადგენლობაზე:

„კლუბში გარდა შვედეთის ეროვნული ნაკრების 6 წევრისა, ასევე თამაშობს 4 ფეხბურთელი დანიის ქალთა საფეხბურთო ნაკრებიდან, რომელიც ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია. კლუბში ასევე არიან ლეგიონერები ახალი ზელანდიიდან, ისლანდიიდან, სერბეთიდან და ისინი თავიანთი ქვეყნების ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან. კლუბი არის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მონაწილე. ბრაზილიელი მარტა, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელ ქალად, 2017 წლამდე „როსენგარდის“ ღირსებას იცავდა“.

საქართველოს ჩემპიონი გუნდის ხელმძღვანელთა განცხადებაში წერია, რომ იციან, გუნდის გასაძლიერებლად რა ნაბიჯები უნდა გადადგან:

„ყველასთვის ცხადია, რომ მეტოქე სპორტული და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ცალსახად აღემატებოდა ჩვენს კლუბს და შესაძლებლობებს. თუმცა, აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ სამომავლოდ არა მხოლოდ მოვხვდეთ ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედ ფინალში, არამედ იქაც დავტოვოთ ჩვენი კვალი, ისევე როგორც ეს ყაზახურ და რუმინულ კლუბებთან გასვლითი შეხვედრების დროს მოვახერხეთ! დიდი მადლობა ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს!“.