ლანჩხუთის საკრებულოში „გურიას“ გასხვისებაზე იმსჯელეს - მსურველი კომპანია ვალების გადახდაზე თანახმაა
ლანჩხუთის საკრებულოში „გურიას“ გასხვისებაზე იმსჯელეს - მსურველი კომპანია ვალების გადახდაზე თანახმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რამდენიმე კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც საფეხბურთო კლუბ „გურიას“” გასხვისების საკითხი განიხილეს.

„ლაპარაკი იყო საფეხბურთო კლუბ ,,გურიას“ პირობიანი აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემასა და აუქციონის პირობებზე მერისთვის თანხმობის მიცემაზე“ – წერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
ოფიციალურ გვერდზე.

ლანჩხუთის „გურიას” მეპატრონე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტია, გუნდის კერძო საკურებაში გადაცემით კი დაინტერესებული მხარე შპს „ლაიონს ბილდინგ დეველოპმენტია“.

სხდომაზე იმყოფებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები და კომისიების წევრებთან ერთად განიხილეს წარმოდგენილი ხელშეკრულების პირობები, ვალდებულებები და „გურიასთან“ დაკავშირებით კომპანიის გეგმები.

კომპანიის მენეჯერმა ზურაბ წილოსანმა თქვა, რომ მათთვის ცნობილია ის ფინანსური მდგომარეობა და ვალდებულებები, რაც „გურიას” დღეისათვის დაუგროვდა.

„ჩვენი კომპანია მზადაა, ეს პასუხისმგებლობა გადაიბაროს. მათი მიზანი, სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაქსიმალური მოგების მიღება, საფეხბურთო კლუბის ცნობადობის გაზრდა, საერთაშორისო კავშირების გაფართოება და სპორტული შედეგების მიღწევების გაუმჯობესებაა” – განაცხადა ზურაბ წილოსანმა.