ქალ ფეხბურთელთა შორის საქართველოს თასის მფლობელი „ლანჩხუთი“ გახდა. რევაზ კუკულაძის გაწვრთნილები გათამაშების ფინალში, რომელიც ქალთა შორის პირველად ჩატარდა, საქართველოს ჩემპიონატის ლიდერს, თბილისის „ნიკეს“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.
მიხელ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გამართულ მატჩში ანგარიში პირველივე შეტევით თამრიკო სალუქვაძემ გახსნა – 1:0. „ლანჩხუთის“ უპირატესობა 69-ე წუთზე ნინო გუჯაბიძემ გაზარდა – 2:0. „ნიკეს“ მდგომარეობა კიდევ უფრო გამოუვალი 76-ე წუთზე გახდა, როდესაც უხეშობისთვის მოედნიდან გუნდის მოთამაშე ლამარა ბაბიანი გააძევეს. ამის მიუხედავად, „ნიკემ“ ბოლო წუთებზე შეუტია და 90+2-ე წუთზე ლიზი მწყერაშვილის გოლით სხვაობა შეამცირა – 2:1.
თუმცა, „ნიკემ“ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა და „ლანჩხუთი“ საქართველოს თასის პირველი გამარჯვებული გახდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ თამრიკო სალუქვაძე დაასახელეს – მას საგანგებო პრიზი, ხოლო „ლანჩხუთს“ საქართველოს თასი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გადასცეს.
საქართველოს თასის გათამაშება 10 აგვისტოს დაიწყო და ტიტულისთვის რვა გუნდი იბრძოდა.