„ლანჩხუთი“ ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს - „ნიკემ“ 10 გოლი გაიტანა #1TVSPORT
„ლანჩხუთი“ ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს - „ნიკემ“ 10 გოლი გაიტანა #1TVSPORT

ქალთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა. ხუთი ტურის შემდეგ „ლანჩხუთი“ კვლავ დაუმარცხებელია, „ნიკემ“ კი ყველაზე მეტი გაიტანა – 21.

სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკემ“ ქუთაისის „მართვეს“ უმასპინძლა და 10:1 მოიგო. თბილისელებმა უპირატესობა დასაწყისშივე მოიპოვეს – წლის პირველი პოკერი, ქალთა ეროვნული ნაკრებისა და „ნიკეს“ გამოცდილმა თავდამსხმელმა ლელა ჭიჭინაძემ (21, 47, 50, 65) შეასრულა, ხოლო მაიკო ბებიამ – ჰეთ-თრიქი (11, 36, 60), 1-1 გოლი ჯოშგუნა ალიევას (90+6), ტატა მატვეევას (86) და ანა პოღოსიანის (58) ანგარიშზეა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი ანა ჯანელიძის (37) ანგარიშზეა.

„ლანჩხუთი“ გასვლაზე „გორი იუნაიტედს“ ესტუმრა და წაუგებელი სერია გააგრძელა – 3:1 გოლები თეონა თოდაძემ (30, 90 -პენალტი) და ხატია ჭყონიამ (38) გაიტანეს, მასპინძლებიდან კი – ელენე ენჯიბაძემ.

ხობის „კოლხეთმა“ „ბათუმს“ 4:1 სძლია. თამუნა თავდიშვილის, თამრიკო სალუქვაძის, მანონ საღარაძისა და მარიამ შონიას გოლებს სტუმრებმა მხოლოდ თათია შაინიძის გოლით უპასუხეს.

1-1 დასრულდა ტურის ბოლო შეხვედრა სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში – თბილისურ დერბიში, „კვარტალმა“ „ნორჩი დინამოს“ უპასუხა, რომელმაც გამოცდილი მარიამ ბასილაძის გოლით ანგარიში 61-ე წუთზე გახსნა. მასპინძლებმა ქულის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს. 94-ე წუთზე ამალი ხანდაზიანმა გაიტანა და გუნდს საჭირო ქულა მოუტანა.

ხუთი ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავაში 7 გატანილი გოლით კვლავ „ნიკეს“ ფეხბურთელი, ჯოშგუნა ალიევა ლიდერობს. 5-5 გოლით, მეორე-მესამე პოზიციაზე „კვარტალის“ მოთამაშე ანასტასია ბოლქვაძე და „ნიკეს“ ფეხბურთელი ლელა ჭიჭინაძე არიან.

ხუთი ტურის შემდეგ, კვლავ დაუმარცხებელია „ლანჩხუთი“, რომელიც 15 ქულით ლიდერობს. მეორე-მეოთხე ადგილებს „ნიკე“, „კვარტალი“ და ხობის „კოლხეთი“ იყოფენ. ქალთა ლიგის მომდევნო, მეექვსე ტური 22 მაისს არის დაგეგმილი.