ლაკვეხელიანმა „მეზოკოვეშდი“ დატოვა - დრო დავკარგე, მაგრამ მოტივირებული ვარ და მჯერა, ადრინდელზე უკეთ ვითამაშებ #1TVSPORT
ლაკვეხელიანმა „მეზოკოვეშდი“ დატოვა - დრო დავკარგე, მაგრამ მოტივირებული ვარ და მჯერა, ადრინდელზე უკეთ ვითამაშებ #1TVSPORT

ლუკა ლაკვეხელიანმა უნგრული „მეზოკოვეშდი“ დატოვა, თავისუფალი აგენტი გახდა და ახალ კლუბს ეძებს, – ეს ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელმა თავად დაადასტურა.

„დიახ, „მეზოკოვეშდის“ ხელმძღვანელობას კონტრაქტის შეწყვეტაზე შევუთანხმდი და წამოვედი. იქ გაჩერება აღარ მსურდა. უნგრეთში თამაშის პერიოდში ორი ტრავმა მივიღე და უნდობლობა ვიგრძენი, ამ დამოკიდებულებას ვერაფერი შეცვლიდა. ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადე და წამოვედი“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლუკა ლაკვეხელიანი.

24 წლის მარცხენა მცველი ახლა უგუნდოდაა, მაგრამ ვარჯიშობს და იმედოვნებს, რომ ახალ კლუბს მალე მოძებნის: „თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. საქართველოში ჩამოვედი, ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. „მეზოკოვეშდთან“ ერთად თურქეთში შეკრება გავიარე, კარგად მოვემზადე, ამხანაგური მატჩებიც ვითამაშე. ახლა ისეთ ფორმაში ვარ, რამდენიმე წლის წინ, ნაკრებებში თამაშის პერიოდში რომ ვიყავი, იმედი მაქვს ახალ კლუბს მალე მოვძებნი“.

ლაკვეხელიანი „საბურთალოდან“ უნგრულ კლუბში 2020 წლის ზაფხულში გადავიდა, მაგრამ ტრავმების გამო, ფაქტობრივად, ორი წელი გაუცდა, რაც მისთვის დიდი დარტყმა იყო: „გული მწყდება, რომ დრო დავკარგე, სხვა არაფერზე ვდარდობ. ახლა მოტივირებული ვარ, უბრალოდ, ისეთი გუნდი და მწვრთნელი მჭირდება, რომელიც მენდობა, სათამაშო დროს მომცემს, დანარჩენს მოედანზე დავამტკიცებ“.

მას შემდეგ, რაც ტრავმა მოიშუშა, ლაკვეხელიანი მიმდინარე სეზონის დასაწყისში „მეზოკოვეშდის” განაცხადშიც გამოჩნდა, თუმცა მოედანზე მხოლოდ სამ მატჩში გავიდა და, საერთო ჯამში, 63 წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ „მეზოკოვეშდში“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „თელავის“ კაპიტანი ილია ბერიაშვილი გადავიდა. სამი წლის წინ კი ამ გუნდში კარიერა ჩვენი ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ დაიწყო.