„ლაიპციგმა“ ვერნერი დაიბრუნა და შეშკო შეიძინა #1TVSPORT
„ლაიპციგმა“ ვერნერი დაიბრუნა და შეშკო შეიძინა #1TVSPORT

„ლაიპციგმა“ ერთი დღის განმავლობაში ორი ფორვარდი გაიფორმა.

გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა „ჩელსიდან“ ტიმო ვერნერის დაბრუნების შესახებ. 26 წლის ფორვარდში „ლაიპციგმა“ 20 მილიონი ევრო გადაიხადა, კიდევ 10 მილიონს ლონდონელები ბონუსების სახით მიიღებს. 2020 წელს, „ჩელსიმ“ ვერნერი 53 მილიონ ევროდ იყიდა.

ფორვარდი „ლაიპციგში“ 2016-20 წლებში თამაშობდა და 156 მატჩში 90 გოლი გაიტანა და 40 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ახლა მან გერმანულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ლაიპციგში“ დაბრუნება ვერნერის სურვილი იყო, რადგან მას სურს სათამაშო პრაქტიკითა და კარგ ფორმაში შეხვდეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს. ფორვარდი არ იყო „ჩელსის“ განაცხადში შაბათს, პრემიერლიგის პირველ ტურში „ევერტონის“ წინააღმდეგ.

„ჩელსიში“ გატარებული ორი წლის განმავლობაში ვერნერს პრემიერლიგაში არასახარბიელო სტატისტიკა ჰქონდა – 56 მატჩი და 10 გოლი. შარშანდელ სეზონში ის მხოლოდ 15-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში და ოთხი გოლი გაიტანა.

სამაგიეროდ, ტრიუმფალურ ჩემპიონთა ლიგის სეზონში გერმანელი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო: სამი გოლი გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე, პლეი ოფში შედეგიანი გადაცემა შეასრულა „ატლეტიკოსთან“ საშინაო მატჩში და ნახევარფინალში „სტემფორდ ბრიჯზე“ ანგარიში გახსნა „რეალის“ წინააღმდეგ.

ვერნერმა „ჩელსისთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.

„ჩელსიში“ ყველა ტურნირზე მისი სტატისტიკა ასეთია: 89 მატჩი, 23 გოლი და 21 შედეგიანი გადაცემა.

ვერნერის გარდა, „ლაიპციგმა“ შეიძინა „ზალცბურგის“ ფორვარდი ბენიამინ შეშკო. 19 წლის სლოვენიელი 2022-23 წლების სეზონს ავსტრიაში გაატარებს, გერმანულ კლუბს კი 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება. მისი კონტრაქტი 2028 წლის პირველ ივლისამდე იქნება ძალაში.

არაოფიციალური ინფორმაციით, შეშკოს სანაცვლოად „ლაიპციგმა“ 24 მილიონი ევრო გადაიხადა. ფორვარდით ასევე ინტერესდებოდნენ – „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“.