ლადო მამუჩაშვილი – ვეცდებით, საპასუხო შეხვედრაში შეცდომები გამოვასწოროთ და ქუთაისში გავიმარჯვოთ #1TVSPORT
ლადო მამუჩაშვილი იმედოვნებს, რომ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ნიქოზიაში „ომონიასთან“ მინიმალური ანგარიშით წაგების (0:1) შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს. ამავე დროს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონის კაპიტანმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„კვიპროსში რთული თამაში იყო, „ომონია“ კარგი გუნდია. ვიცოდით, რომ პირველივე წუთებიდან შეგვიტევდნენ, რადგან საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ და ამ უპირატესობის გამოყენებას შეეცდებოდნენ.
გოლი შეცდომის შედეგად გავუშვით, მაგრამ შემდეგ კარგი საგოლე შანსი გვქონდა, გოლის გატანა ჩვენც შეგვეძლო და „ომონიასაც“. ვეცდებით, საპასუხო შეხვედრაში შეცდომები გამოვასწოროთ და ქუთაისში გავიმარჯვოთ.
მადლობა ჩვენს ქომაგებს კვიპროსში ჩამოსვლისა და გულშემატკივრობისთვის. ასევე მადლობა კვიპროსში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც მთელი მატჩი გვამხნევებდნენ.
ქუთაისში, სავსე ტრიბუნების წინ „ომონიასთან“ ყველაფერი შეგვიძლია. მოვუწოდებ გულშემატკივარს მოვიდნენ, გაავსონ სტადიონი და მაქსიმალურად ვეცდებით მათ გახარებას“, – ამბობს ლადო მამუჩაშვილი.