ლადო კახაძე - პარლამენტში ჩხუბიც უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ საგნობრივი და არა ხელჩართული
ლადო კახაძე - პარლამენტში ჩხუბიც უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ საგნობრივი და არა ხელჩართული

პარლამენტში ჩხუბიც უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ საგნობრივი და არა ხელჩართული, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პარლამენტში იდეათა ჭიდილი უნდა იყოს, მაგრამ დოკუმენტი უნდა გამოცხვეს. უნდა გამოცხვეს დოკუმენტი, ნორმატიული აქტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება. ყველაფერი თვითმმართველობის კომპეტენციაა, მაგრამ მას ბიუროკრატია უნდა დაეხმაროს საკანონმდებლო ინიციატივებით. ეს არის ჩვენი მთავარი საქმე“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მისი თქმით, დაავადებაც ერთი უჯრედიდან იწყება, გამოჯანმრთელებაც და ერთ ადამიანს შეუძლია, ბევრი რამ შეცვალოს.

„მე პირდაპირ ვიქნები ადგილობრივი ხელისუფლების ლობისტი პარლამენტში“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მისი თქმით, ბევრი სახლი არასწორადაა მოქცეული კულტურული მემკვიდრეობის ვალდებულების ქვეშ და ის ამ საკითხის გადახედვას აუცილებლად მოითხოვს.

„ასეთი სახლების სტატუსი უნდა დარეგულირდეს და ეს ყველაფერი კანონშემოქმედმა კანონიერად უნდა მოახდინოს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძემ ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, მან მხარი დაუჭიროს ანტიდისკრიმინაციული კანონის გადახედვას.

„როდესაც ჯგუფებს ახსენებენ და გამოყოფენ, ნებისმიერ კანონში, მე ეს უკვე დარღვევა მგონია, რადგან ჩემთვის ყველა ადამიანი ერთია. კონსტიტუცია ერთი ადამიანისთვის იწერება. რას ნიშნავს, ეს უმცირესობის ნაწილია და ის ისაა? არა, ის დაიბადა, ყველა უფლება აქვს და კონსტიტუცია ამას იცავს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

როგორც მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს იყო იმის მცდელობა, რომ ჯერ რაღაც დაშავდებოდა და მერე მიიღებოდა კანონი, რომელიც ამას ამართლებდა, კანონს უკუქმედების ძალა არ აქვს და ახალი კანონი წინას არ უნდა აუარესებდეს, ის კი მსგავს საკითხებს ყოველთვის გაახმაურებს და შეეცდება, ასეთ რამეს მხარი არ დაუჭიროს.