ლადო ჩიხრაძე - ესპანეთში თავის დამკვიდრებას და ნაკრებში გამოძახებას ვიმედოვნებ #1TVSPORT
ლადო ჩიხრაძე - ესპანეთში თავის დამკვიდრებას და ნაკრებში გამოძახებას ვიმედოვნებ #1TVSPORT

„საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი ლადო ჩიხრაძე რამდენიმე წელია ესპანეთში თამაშობს. 20 წლის ფეხბურთელი ახლა „ექსტრემადურას“ (მესამე ლიგა) კლუბში ცდილობს თავის წარმოჩენას. ახლახან კი მთავარ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

„საბურთალოში“ ვიზრდებოდი, რამდენიმე წელია, ესპანეთში ვთამაშობ, თავიდან „ატლეტიკოსა“ და „სევილიას“ ასაკობრივ გუნდებში ვვარჯიშობდი. შემდეგ „ექსტრემადურაში“ გადავედი, დავიწყე დუბლებით, ახალი წლიდან მთავარ გუნდში გადამიყვანეს.

მე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს 2023 წლამდე ძირითად გუნდთან ხელშეკრულებები გაგვიფორმეს. ამ დროის განმავლობაში თავი კარგად უნდა წარმოვაჩინო, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში გაგრძელდეს. ახლა, როდესაც ჩემპიონატის მორიგი ტური იმართებოდა, ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს კოვიდ-მდგომარეობიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნათ. თავის გამოჩენის შესაძლებლობა დუბლებიდან დაწინაურებულ ფეხბურთელებს მოგვცეს. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის განაცხადში სულ 14 ფეხბურთელი გვყავდა, მოვახერხეთ და გამარჯვება შევძელით. ამ მოგებას ბევრი არ ელოდა და აქაურებმა დიდ სენსაციად შეაფასეს“, – თქვა ლადო ჩიხრაძემ.

ახალგაზრდა ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ „ექსტრემადურაში“ შანსი ისევ მიეცემა:

„ამ ეტაპზე მთავარი გუნდის ფეხბურთელად ვითვლები. „ექსტრემადურაში“ თამაში ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ეს გუნდი ადრე პრიმერა დივიზიონში თამაშობდა, მაგრამ ახლა რანგით მესამე ლიგაშია. დიდ გამოცდილებას ვიძენ, კვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობენ“.

მან ესპანეთში წასულ „საბურთალოს“ აღზრდილ ფეხბურთელებზე, გიორგი ქოჩორაშვილსა და გიორგი ჯინჯოლავაზეც ისაუბრა:

„სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ და ერთმანეთს ვერ ვხვდებით. ქოჩორაშვილილევანტეში“ პროგრესირებს და მისი დიდი იმედიც აქვთ. ასევე ეიმედებათ ჯინჯოლავასი, რომელიც მართალია „კადისის“ დუბლებშია, მაგრამ ერთი ნაბიჯი აშორებს პირველ გუნდამდე. მათ მატჩებზე დასწრებას ვერ ვახერხებ, მაგრამ ვცდილობ თამაშებს ტელევიზორში მაინც ვუყურო“.

ლადომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ინგლისთან მატჩისას ყოფილი თანაგუნდელების, გიორგი გოჩოლეიშვილისა და გიორგი გულიაშვილის გოლები გამოარჩია:

„გახარებული ვიყავი, ინგლისის ნაკრების დამარცხება კარგი თამაშითა და ლამაზი გოლებით შევძელით. ქვეყნის ნაკრებში გამოსვლა დიდი მოტივაციაა. მინდოდა მეც იმ ადგილას ვყოფილიყავი. მარტში არის მომდევნო შეკრება, ვეცდები კარგ სპორტულ ფორმაში ვიყო და იმედია, ნაკრებში თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომეცემა. ასევე, მოახლოებულია 2023 წელს 21-წლამდელების ჩემპიონატი. დიდი პატივია, რომ ასეთ დიდ გათამაშებას საქართველო მასპინძლობს“.