ჯერ ტესტი, მერე ლა ლიგის გუნდი - ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ დააწინაურეს
ჯერ ტესტი, მერე ლა ლიგის გუნდი - ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ დააწინაურეს

️გიორგი ქოჩორაშვილი კორონავირუსზე ტესტს გაივლის და ამის შემდეგ ლა ლიგის გუნდში, „ლევანტეში“ ივარჯიშებს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველზე ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „ასი“ ავრცელებს.

„გიორგი ქოჩორაშვილი ვარჯიშის დაწყებამდე კორონავირუსზე ტესტს გაივლის. ნახევარმცველი 20 წლისაა, მიმდინარე სეზონში B2 დივიზიონში „ლევანტეს“ დუბლშემადგენლობაში 15 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაკო ლოპესმა დუბლებიდან 20 წლის ფეხბურთელი შემთხვევით არ მიიწვია. კლუბი ამ 20 წლის ფეხბურთელის პროგრესში დარწმუნებულია“, – წერს გამოცემა „ასი“.

გიორგი ქოჩორაშვილი „საბურთალოს“ გაზრდილია. ნახევარმცველი 2017 წელს, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში თამაშის შემდეგ, ლა ლიგის „ჟირონაში“ იჯარით გადავიდა და დუბლშემადგენლობისა და 19-წლამდელების წევრი იყო, თუმცა, სათამაშო პრაქტიკისთვისპერალადაში“ თამაშობდა.

გიორგიმ ესპანეთის ლა ლიგის მთავარ გუნდში 2018 წელს, ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე ითამაშა – ჯერ „საბადელის“ წინააღმდეგ, შემდეგ ლონდონის „ტოტენჰემთან“.

20 წლის ფეხბურთელი „ლევანტეში“ 2019 წლის ივნისში „საბურთალოდან” გადავიდა. ესპანურ გუნდთან ქოჩორაშვილმა 3+1 ხელშეკრულება გააფორმა და ზაფხულის შემდეგ გუნდის დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობდა.

დატოვე კომენტარი