ლა ლიგის ოთხ მსაჯს ნაღდი ფულით შეძენილი უძრავი ქონება აღმოუჩინეს - საქმეს „ბარსელონას“ ფინანსურ დარღვევებს უკავშირებენ #1TVSPORT
ლა ლიგის ოთხ მსაჯს ნაღდი ფულით შეძენილი უძრავი ქონება აღმოუჩინეს - საქმეს „ბარსელონას“ ფინანსურ დარღვევებს უკავშირებენ #1TVSPORT

ესპანეთის პროკურატურა შეამოწმებს ლა ლიგის ოთხი არბიტრის აქტივებს.

როგორც გამოცემა El Debate იტყობინება, ეჭვმიტანილნი არიან კარლოს კლოს გომესი, სანტიაგო ხაიმე ლატრე, ალეხანდრო ერნანდესი და ხოსე მარია სანჩერს მარტინესი. 55-გვერდიან ანგარიშში ასახულია ობიექტები, რომლებიც ამ არბიტრებმა შეიძინეს ნაღდი ფულით ისე, რომ ბანკში იპოთეკისთვის არ მიუმართავთ.

ანგარიშის მიხედვით, კარლოს კლოს გომესი, რომელიც დღეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ტექნიკურ კომიტეტში VAR-ის სისტემაზეა პასუხისმგებელი, ფლობს უძრავი ქონების შვიდ ობიექტს (მათ შორის, ოთხ სახლს), რომელთა საერთო ღირებულება აჭარბებს მილიონ ევროს.

სანტიაგო ხაიმე ლატრეს სახელზე ასევე უძრავი ქონების შვიდი ობიექტია რეგისტრირებული. მათი დიდი ნაწილი 2020 წელს არის შეძენილი. ყველა ობიექტში ნაღდი ფულია გადახდილი. 2020 წლის იანვარში, ლატრემ ერთი სახლის სანაცვლოდ მადრიდში 750 ათასი ევრო გადაიხადა. 10 დღის შემდეგ მის სახელზე ასევე ესპანეთის დედაქალაქში 209 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა დარეგისტრირდა. ის ერთ მილიონ ევროდ არის შეფასებული. საერთო ჯამში ლატრეს უძრავი ქონება 1.8 მილიონ ევროდ ფასდება.

ალეხანდრო ერნანდესს ეკუთვნის უძრავი ქონება საერთო ღირებულებით – ერთი მილიონი ევრო. ის შეძენილია 2019-21 წლებში. კერძოდ, ლაპარაკია სახლებზე მადრიდში, ლას პალმასსა და ლანსაროტეში. ამ შემთხვევაშიც გადახდა ნაღდი ფულით მოხდა.

დაბოლოს, ხოსე მარია სანჩეს მარტინესმა 2019 წელს ნაღდი ფულით შეიძინა სახლი მურსიაში.

იტყობინებიან, რომ ეს ანგარიში შეიძლება ჩართონ „ნეგრეირას საქმეში“. შეგახსენებთ, რომ 2001-17 წლების პერიოდში, როცა ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირა მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი იყო, „ბარსელონამ“ მის კომპანიას, ჯამში, 7.3 მილიონი ევრო გადაურიცხა.