ინგლისის პრემიერ ლიგა - „სიტის“ ჩემპიონობამდე ერთი მოგება რჩება
ინგლისის პრემიერ ლიგა - „სიტის“ ჩემპიონობამდე ერთი მოგება რჩება

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტური „კრისტალ პალასისა“ და “ლივერპულის” მატჩით გაიხსნა. სტუმრებმა უკვე მე-12 წუთზე შეგვახსენეს, რომ “ლივერპულს” მეკარეების მხრივ უჭირს – კარიუსმა ყოფილი თანაგუნდელი ბენტეკე წააქცია და პენალტი მილივოევიჩმა გამოიყენა. “წითლებისგან” ყველაზე მეტად რობერტო ფირმინო ცდილობდა, რომელმაც პირველად შეასრულა ერთ ტაიმში ექვსი დარტყმა, მაგრამ, საერთო ჯამში, „ლივერპული“ ცუდად გამოიყურებოდა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა თითქმის ერთნაირი შეტევებით გაიტანეს ორი გოლი – იერიში იწყებოდა მარჯვნიდან კროსით, გრძელდებოდა მარცხნიდან ჩაწოდებით და მეკარის საჯარიმოდან გოლით. 49-ე წუთზე ასე გაიტანა სადიო მანემ, ბოლო წუთებზე – მოჰამედ სალაჰმა. 2:1 – “ლივერპულის” სასარგებლოდ.

“მანჩესტერ იუნაიტედი” უკვე მე-20 წუთისთვის უგებდა “სუონსის“. ჟოზე მოურინიოს გუნდს ორი სწრაფი შეტევა გამოუვიდა – ჯერ ლუკაკუმ გაიტანა თავისი მე-100 გოლი პრემიერლიგაში, შემდეგ კი ალექსის სანჩესმა მიიღო ბურთი ლინგარდისგან და “იუნაიტედის” რიგებში პირველი გოლი იზეიმა.

2:0-მა “მანჩესტერი” დააწყნარა და მეორე ტაიმში ბევრის საშუალება მისცა მეტოქეს, მაგრამ დე ხეა შესანიშნავად თამაშობდა. ამიტომაც, ანგარიში აღარ შეცვლილა.

პრემიერლიგის ლიდერმა “მანჩესტერ სიტიმ” 40 წუთში გაარკვია “ევერტონთან” გასვლითი მატჩის ბედი. მე-4 წუთზე სანემ დავიდ სილვას პასის შემდეგ, შეუჩერებლად ზუსტად დაარტყა, მე-12 წუთზე გაბრიელ ჟესუსმა დე ბრუინის პასი გამოიყენა, ხოლო 38-ე წუთზე მანჩესტერელთა მომენტალური კონტრშეტევა სტერლინგის გოლით დასრულდა. “ევერტონმა” მხოლოდ ბოლაზის გოლით უპასუხა.

3:1 მოგებულ მატჩში “სიტის” ბურთის ფლობა 82.3 პროცენტი ჰქონდა – ეს არის პრემიერლიგის რეკორდი სტუმარი გუნდისთვის. თუ პეპ გვარდიოლას გუნდი შემდეგ ტურში მოიგებს, ჩემპიონობას გაინაღდებს.

32-ე ტურში კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ის იყო, რომ “ლესტერის” მეკარე კასპერ შმაიხელმაბრაიტონთან” მოგებულ მატჩში (2:0) პენალტი მოიგერია და ამით გაუთანაბრდა თავის ლეგენდარულ მამას. კასპერს 14-დან 3 მოგერიებული 11-მეტრიანი აქვს, უფროს შმაიხელს – 21-დან 3 ჰქონდა.